X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

კახეთში, ცენტრალური ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, 500-ზე მეტი პროექტი ხორციელდება

11 მაისი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა და შოთა კაკაბაძემ  რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული  და მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ, განიხილეს ცენტრალური ბიუჯეტიდან და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.  

”განვიხილეთ ის პროექტები, რომელსაც ახორციელებენ და მართავენ თავად მუნიციპალიტეტები. ეს პროექტები დაფინანსებულია ისეთი სხვადასხვა ფონდებიდან, როგორიცაა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, მთის ფონდი და ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები. ჯამურად, კახეთის რეგიონში ასეთი, დაახლოებით 96 მილიონი ლარის 500-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. ამჟამად, პროექტების ნაწილი უკვე მიმდინარეობს, ნაწილზე ტენდერია დაწყებული, ნაწილი კი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა,“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტების მიმდინარეობას, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტებში,  ადგილზეც გაეცნო.

ილია ბეგიაშვილის თქმით, პროექტები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მოცემულ ეტაპზე გამოწვევები არ ვლინდება არც შესრულების ვადებთან და არც ხარისხთან მიმართებაში.

ქალაქ თელავში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები, რომლითაც ქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უფასო ინტერნეტით, ტელეფონის დამტენით, ხოლო ე. წ. ლაითბოქსზე დატანილი თელავის ტურისტული რუკიდან მიიღონ საჭირო ინფორმაცია. დაგეგმილია ისტორიულ ძეგლებზე QR კოდებისა და QR კუბების განთავსებაც. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ამავე პროგრამით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 1 ჰექტარის ფართობზე შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, საბავშვო და სავარჯიშო სივრცის, ამფითეატრისა და განათების მოწყობას ითვალისწინებს. ახალი სკვერის გაშენებას 1.9 მილიონი ლარი მოხმარდება.

ქალაქ გურჯაანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით,  ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში კი, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებია დაწყებული.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაწყებულია მარიამჯვარის ნაკრძალთან მისასვლელი გზის სამუშაოები, რასაც 2.3 მილიონი ლარი მოხმარდება. ასევე, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები, მათ შორის, სოფელ ზემო და ქვემო ყანდაურის დამაკავშირებელ გზაზე.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოფელ აწყურის საბავშვო ბაღის მშენებლობისა და სოფელ არაშენდაში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებიც.